ძირითად საძიებო სისტემად დარჩენისთვის Google-ი Apple-ს წლიურად $20 მილიარდს უხდის

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიებიდან ირკვევა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი კომპანია Apple-ს ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს უხდის, რათა Google-ის საძიებო სისტემა Apple-ის პროდუქტებში, მათ შორის, iPhone-სა და Mac-ში ძირითად საძიებო სისტემად დარჩეს.

 

იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას და ის ხელს უწყობს ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბებას, რადგან Apple-ის მომხმარებელს ფაქტობრივად არ აქვთ არჩევანი საძიებო სისტემასთან დაკავშირებით და ისინი იძულებულნი არიან Google-ით ისარგებლონ. თავად Android-ის მოწყობილობებში კი, ცხადია, ძირითადი არჩევანი Google-ია. ამ მოცემულობით კი გამოდის, რომ მსოფლიოში არსებული სმარტფონების 90%-ში ძირითადი საძიებო სისტემა ავტომატურად Google-ია.

ამჟამად Google-ი გლობალური საძიებო ბაზრის თითქმის 95%-ს აკონტროლებს, რაც აბსოლუტურ მონოპოლიად შეიძლება ჩაითვალოს, სწორედ ამიტომ კონკურენტი კომპანიები სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია Microsoft-ი, რომელსაც ბაზარზე საკუთარი საძიებო სისტემის, Bing-ის დამკვიდრება სურს.

წყარო: bm.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *