9 აპრილი

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლისთვის გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 18 მარტის აფხაზეთში ჩატარდა 30 ათას კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ე. წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი მესიჯი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა.
1989 წლის 25 მარტს ლიხის მიმართვის საპირწონედ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა სოხუმში მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, რითაც უჩვენეს აფხაზ სეპარატისტებს ერთობის ძალა. ეს მიტინგი, ქართველ პატრიოტთა მიერ, უშუალოდ მერაბ კოსტავას ინიციატივით დაიგეგმა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ვოვა ვეკუა, სოსო ადამია და ა.შ[1].
1 აპრილს დაბა ლესელიძეში ჩატარდა ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან; იყვნენ დაჭრილებიც. ამ ვერაგული აქციის საპასუხოდ, 2 აპრილს სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საპროტესტო აქციების აფხაზეთიდან დედაქალაქში გადატანა. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია. იგი აფხაზეთის კრიზისზე სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი რეაქციის დაფიქსირებით დაიწყო, მალე გადაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნის მქონე საპროტესტო მოძრაობად[2].
4 აპრილი — 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ამავე სასწავლებლის „პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა სტუდენტი ახალგაზრდობის ორი ათას კაციანი მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ზ. გამსახურდია, რომელმაც „აფხაზეთის საკითხთან“ დაკავშირებით მოუწოდა დამსწრეებს, რომ ხელი შეეწყოთ რესპუბლიკაში მასობრივი გაფიცვებისა და მანიფესტაციების გამართვისათვის.
ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა კიდევ ერთი მიტინგი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია აფხაზეთის ასსრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობის, საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის, საქართველოში ავტონომიურ ფორმირებათა გაუქმების შესახებ.
შემდეგ მიტინგის მონაწილეთა უმრავლესობა გაემართა საქართველოს სსრ მთავრობის სახლისაკენ, სადაც ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მიტინგი შედგა. იგი დამთავრდა მეორე დილის 5 საათისათვის, როცა ახალგაზრდობის ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა.
აქციების დაწყებიდან თბილისში მოსკოვიდან ალფას დანიშნულების 100 კაციანი რაზმი გადმოისროლეს. იგეგმებოდა აცქიის დაშლა. საქართველოს მთავრობასა და სამხედროებს შორის იყო შეთანხმება იმაზე, რომ აქცია მართალია ტრამვებით, მაგრამ უსისხლოდ დაიშლებოდა.
5 აპრილი — საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს. მათ შორის იყვნენ ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები. ამ დღეს მიტინზე აფხაზეთის პრობლემატიკამ მეორე რიგში გადაინაცვლა და მიიღო როგორც 1988 წლის ნოემბრის ანტისაბჭოთა გამოსვლების გაგრძელების ხასიათი. ორატორების გამოსვლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული ზომების მიღებას იმისათვის, რომ საქართველოს სსრ გამოსულიყო სსრ კავშირის შემადგენლობიდან. მიტინგმა ნელნელა მიიღო ანტისაბჭოთა ხასიათი. ეს გამოიხატა მთავრობის სახლის ფასადზე გაკრული ლოზუნგებით, რომლებიც მოუწოდებდნენ კომუნისტური რეჟიმის დამხობას და სხვა. არაფორმალური გაერთიანების წარმომადგენლები დადიოდნენ საწარმოებში და ანტისაბჭოთა პროპაგანდით ხალხის გადმობირებას ცდილობდნენ. მაგალითად იყვენნ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვასა“ და დიმიტროვის სახელობის საავიაციო-საწარმოო გაერთიანების შრომით კოლექტივებში და შეძლეს მშრომელთა ნაწილის დაყოლიება. მიტინგზე გამოცხადდა რომ დაწყებული შიმშლობა გაგრძელდებოდა 14 აპრილამდე.
6 აპრილი — არსებითად გაფართოვდა მიტინგის გეოგრაფია მასში სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენელთა მონაწილეობის გამო. ქალაქის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩამოყალიბდა სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც მოუწოდებდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაფიცვებისაკენ. მთავარ მიტინგზე პრაქტიკულად აყენებდნენ ერთ მთავარ მოთხოვნას — სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლას. თბილისის ქუჩებში იმრავლა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მომწოდებლურმა ლოზუნგებმა. გამოცხადდა, რომ თუ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, საქართველოში დაიწყებოდა საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და იმავდროულად მასობრივი შიმშილობა. ამასთან დაკავშირებით მოუწოდებდნენ უკვე ამ დღესვე ქალაქის ცენტრში დაეწყოთ მასობრივი ლოკალური შიმშილობა. 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი.
დაახლოებით საღამოს 8 საათზე მიტინგის მონაწილეთა ორიათასიანი ჯგუფი მივიდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან. წამოყებული იქნა მოთხოვნა მთავრობის სახლთან გამართული მიტინგის პირდაპირი ტელეგადაცემის შესახებ.
7 აპრილი — მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ამ დღეს საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. მასში მონაწილეობდნენ ქალაქის საწარმოთა და დაწესებულებების, სასწავლებელთა, შემოქმედითი კავშირების, მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მიტინგიზ ორგანიზატორთა ერთ-ერთმა ლიდერმა გაეროს, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ მათ სცნონ XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენების ფაქტი. წინა დღეებისაგან განსხვავებით, ქალაქში სტიქიურად იქმნებოდა ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მოჰქონდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები. ისინი საკუთარი მანქანებით გადაადგილდებოდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში და მოუწოდებდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობისაკენ. ამ დღეს გამოცხადდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ათკაციანი ჯგუფის შიმშილობა. 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.
ამ დღეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის ლაინერი ლონდონიდან მოსკოვში დაეშვა. მასთან ერთად მოსკოვში სსრკ-ის საგარეო მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. აეროპორტში პრეზიდენტს მთელი პოლიტბიურო დახვდა და ქვეყანაში არებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. თბილისში მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოტა კავშირიდან გამოსვლასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. როგორც გორბაჩოვს მოახსენეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი ვითარებას პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებდა. მ. გორბაჩოვმა შესთავაზა იმავე ლაინერით ჩასულიყო თბილისში ვითარების გასარკვევად. შევარდნაძე-პატიავილის ტელეფონით საუბრისას გადაწყდა, რომ იმ ეტაპისთვის შევარდნაძის თბილისში ჩასვლა დამატებით დაძაბულობას გამოიწვევდა.
უკვე ცნობილი იყო, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხტებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ, უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან, გაეროს სპეციალური მდივნის წარმოადგენლის მეთვალყურეობით.
ამავე დღეს თბილისში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი. იმავე საღამოს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. მისი თქმით „თუ 8 აპრილს აქციის დაშლა არ მოხდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლისღვრა“.
8 აპრილი — დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.
იმის ნაცვლად, რომ მიტინგის დაშლა უხმაუროდ მომხდარიყო სამხედროების ბრძანებით ქალაქში დილით ხალხის დაშინების მიზნით ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, ხოლო თბილისს სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ამან ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა მთავრობის სასახლეს მიაწყდა.
მიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები, შეკრებილთა დიდ ნაწილს სწორედ ისინი შეადგენდნენ. დღის მეორე ნახევარში ორგანიზატორებმა შეიტყვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიცემული ჰქონდთ მითითება მიტინგის დაშლის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიტინგის ორგანიზატორებმა გადწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით. ქალაქში, კ. გამსახურდიას ძეგლთან 500 ქალმა გამოახადა შიმშილობა.
მთავრობის სახლთან აქციის ორგანზატორებმა წამოაყენეს წინადადებანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიანი კომიტეტის შექმნისა და ამ მოძრაობის საფინანსო ფონდისათვის სახსრების მასობრივად შეგროვების შესახებ. მიტინგის ორგანიზატორები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ.
საქართველოში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილის კონსტანტინე კოჩეტოვის ჩამოსვლის შემდეგ 8 აპრილს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საიდუმლო ოქმიდან ირკვევა, თითქოს მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიდერები მთავრობის სასახლეში შეჭრას გეგმავდნენ. სხდომის ცამეტმა წევრმა აქციის დაშლას მხარი დაუჭირა. ორგანიზება იგორ როდიონოვს დაევალა.