„ერთაოზა” – პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი

„ერთაოზა” – პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი

ალბათ ყველას გახსოვთ ერთაოზ ბრეგვაძისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის ახდენილი ოცნება ცნობილი ქართული ფილმიდან „შერეკილები”. მათ გარშემომყოფებისთვის წარმოუდგენელ იდეას პირდაპირი მნიშვნელობით ფრთა შეასხეს და ცათმფრენი გამოიგონეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ბევრი წინაღობა შეხვდათ.

დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად შორს წავიდა, რომ ცაში მფრენი კი არა, კოსმოსში გაშვებული მანქანებიც კი ვიხილეთ. ტექნოლოგია განვითარებას პროგრესულად განაგრძობს მსოფლიო მასშტაბით და ჩვენთანაც, საქართველოში, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, საინტერესო და სასარგებლო ციფრული პროდუქტები იქმნება. სწორედ ასეთია „ერთაოზა”, ჩვენ მიერ შესავალში აღწერილი ფილმის ინსპირაციით შექმნილი ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი, რომელიც ხელოვნულ ინტელექტზეა დაფუძნებული და ადამიანებთან საუბარი შეუძლია. იგი ხმის ამომცნობ და ხმის გენერატორ კომპონენტებს აერთიანებს.

თუ რა არის „ერთაოზა”, რისთვის და როგორ შეიქმნა და როდის ვიხილავთ, მისი ერთ-ერთი შემქმნელი, რევაზ ბრეგვაძე მოგვიყვება:

 დავიწყოთ იდეაზე საუბრით: როგორ გაჩნდა ხმოვანი ასისტენტის შექმნის იდეა?

თავდაპირველად პროდუქტის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ სმარტ მოწყობილობების ქართულ ენაზე მართვა ვცადეთ, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ აქტიური მუშაობა ხმოვანი ასისტენტის შექმნაზე, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა პროდუქტის სრულყოფის შედეგად ნათელი გახდა მისი მრავალფუნქციურობა.

 რაზე შეუძლია საუბარი ერთაოზას და რა ამოცანებს ჭრის ეს ასისტენტი?

ჩვენ ვქმნით ქართულ NLP-ს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ადამიანს, მიიღოს რელევანტური პასუხი ნებისმიერ თემატიკაზე, რაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მომხმარებლებს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს. მასთან საუბარი შესაძლებელი იქნება როგორც ვებპლატფორმაზე, ისე აპლიკაციაში, სადაც შეძლებთ როგორც ჩატის მეშვეობით ეკონტაქტოთ მას, ასევე ხმოვანი დიალოგით.

ვიცით, რომ ასისტენტის გამოყენება შესაძლებელია სათამაშო რობოტებში, ქოლცენტრებში და მთარგმნელ მოწყობილობებში. თითოეულზე რომ გვითხრათ, როგორ შეიძლება ამ მიმართულებებით მისი გამოყენება?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქტი მრავალ შესაძლებლობებს იძლევა, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბავშვებზე ადაპტირებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ინტეგრირდება სათამაშო რობოტთან და მისი დახმარებით ბავშვები მიიღებენ შემეცნებით განათლებას. ის დაეხმარება მათ მეცადინეობაში და გართობის ფუნქციასაც შეითავსებს. რაც შეეხება ქოლ ცენტრებში ინტეგრაციებს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, კომპანიებს დავეხმაროთ პროცესების გამარტივებაში და ჩავაშენოთ ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტი სატელეფონო სადგურებში, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა აღარ უწევს. ხოლო, მთარგმნელ მოწყობილობასთან დაკავშირებით, ეს იქნება იმისგან  განსხვავებული ტექნოლოგია, რაც ბაზარზე დღეს არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლეებს, მალე ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებით შეიტყობს მომხმარებელი.

 თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ამ პროექტის სამომავლო განვითარება?

ქართული ენის კომპლექსურობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა ქართულ NLP-ზე მუშაობა, თუმცა უკვე ძალიან მალე დასრულდება ბაზების დატრენინგების ფაზა და დავიწყებთ მისი სხვადასხვა პროდუქტში ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ქართული ენის მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი და მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვით დავეხმაროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. აღსანიშნავია, რომ გვერდში გვიდგას re:invent venture studio  და re:soft-ის გუნდი, მათ უზარმაზარი წვლილი შეაქვთ „ერთაოზას“ განვითარებაში.

(C) https://www.marketer.ge/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *