რატომ შეუცვალეს სახელი პირველ მეხსიერების ბარათს?

დაფიქრდით, რა მოხდება, უცბად ყველაფერი რომ წაიშალოს, რაც ციფრულად გაქვთ შენახული… მეტად დრამატიზება აღარ გვინდა, ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი გახდა, ვფიქრობ, აღარც ამას სჭირდება განხილვა, ამიტომ პირდაპირ მეხსიერების ბარათებზე ვისაუბროთ, 1980-იან წლებში გადავინაცვლოთ, როცა ყველაფერი დაიწყო.

ერთი წყარო გვეუბნება, რომ მეხსიერების ბარათი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პორტატიული ელექტრონული შესანახი მოწყობილობა, რომელიც ფლეშ ტიპის შენახვის მოწყობილობების კატეგორიას მიეკუთვნება. მეორე კი სწორედ ფლეშ მეხსიერებას თვლის მეხსიერების ბარათების ტექნოლოგიის საფუძვლად. ასეა თუ ისე, ალბათ, უკვე ცხადია, რომ საუბარი ფლეშ მეხსიერებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ფუჯიო მასუოკამ გამოიგონა 1980 წელს Toshiba-ში მუშაობისას.

ეს მოწყობილობა ციფრული ინფორმაციების შენახვისა და მათი გამოყენებისთვის არის გამიზნული. ელექტროენერგიასთან დაკავშირების გარეშე მონაცემებს დიდი ხნით ინახავს და ხშირად გვხვდება ისეთ პორტატიულ ელექტრონულ მოწყობილობებში, როგორებიც ციფრული კამერა, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები, პლანშეტები თუ სხვა მსგავსი მოწყობილობებია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფლეშ მეხსიერების კონცეფცია 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, მეხსიერების ბარათის პირველი ფორმატი, ოღონდ კომერციული გამოყენებისთვის, 1990-იან წლებამდე არ არსებობდა.

საუბარია PCMCIA-ზე, რომელიც პირველი კომერციული მეხსიერების ბარათის ფორმატს წარმოადგენს. იგი პერსონალური კომპიუტერების მეხსიერების გაფართოებისთვის შეიქმნა. მისი ავტორი კი Personal Computer Memory Card International Association-ია, აქედან მოდის სახელი PCMCIA-იც. ეს იმ კომპანიათა ჯგუფია, რომელიც მაშინ სტანდარტს განსაზღვრავდა და სხვებთან ერთად, ისეთ ბრენდებს აერთიანებდა, როგორებიც Poqet, Fujitsu, Intel, Mitsubishi, IBM, Lotus და Microsoft-ია.

თუმცა ეს აკრონიმი საკმაოდ რთული იყო სათქმელადაც და დასამახსოვრებლადაც, ზოგჯერ ხუმრობით ასეც კი შიფრავდნენ: People Can’t Memorize Computer Industry Acronyms“. ბუნებრივია, ეს საქმეს მარკეტერებსაც ურთულებდა… სწორედ ამიტომ, ასოციაციამ IBM-ისგან მოიპოვა უფლება, PCMCIA-ის ნაცვლად, უფრო მარტივი PC Card გამოეყენებინა.

უშუალოდ ბარათის განხილვას რომ დავუბრუნდეთ, 90-იან წლებში 3 ტიპის ბარათს გვთავაზობდნენ, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა სისქით და შემოთავაზებული იყო, როგორც 16, ისე 36-ბიტიანი ვერსიები. როგორც ინტერნეტში არსებული წყაროები ამბობენ, PCMCIA-ს ბარათი Japan Electronic Industries Development Association-ის (JEIDA) ბარათებთან კონკურენციის გასაწევად შეიქმნა, თუმცა უკვე 1991 წლისთვის ეს ორი სტანდარტი გაერთიანდა…

იმ დროისთვის ინოვაციურმა პროდუქტმა მრავალი სახის მოწყობილობამდეც მიგვიყვანა, იქნება ეს სისტემური დაფა, მოდემები თუ მყარი დისკები. დღეს კი PC Card ძირითადად ინდუსტრიულ აპლიკაციებში გამოიყენება და ისეთ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად, როგორიც მოდემებია. დიახ, 1994 წლის შემდეგ მეხსიერების ბარათის მრავალი და უფრო პატარა ფორმატებიც შემოგვთავაზეს, მეტად დაცულიც და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ჩვენი ციფრული მასალების დაკარგვის თუ სულ აღარ, ნაკლებად მაინც გვეშინია…

 

(c) marketer.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *